logo
ENG



ევროპარლამენტარები: მოვუწოდებთ რუსეთს შეაჩეროს "ბორდერიზაცია", ადამიანის უფლებების დარღვევა

07 აგვ 202122:43
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/07/1801ieh5rolexcy.jpg

ევროპარლამენტარები რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და რუსეთის ფედერაციას მოუწოდებენ "აქტიური "ბორდერიზაციის" პროცესი" შეწყვიტოს. 

როგორც ევროპარლამენტარების განცხადებაშია ნათქვამი, ისინი მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო რუსეთს მოუწოდებენ "მისცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეუფერხებელი წვდომა ოკუპირებულ რეგიონებში". 

გარდა ამისა, ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობით შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები არიან პანევროპული ოჯახის ნაწილი და მათ თავისუფლად და უმრავლესობით აირჩიეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა.

წერილის თანახმად, "სამწუხაროდ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს არ შეუძლიათ, განახორციელონ თავიანთი პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები როგორც საქართველოს მოქალაქეებს და არ შეუძლიათ, ისარგებლონ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გაძლიერებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარებით, რადგან ისინი კვლავ განიცდიან რუსული ოკუპაციით შექმნილ უბედურებას. მათი ტანჯვა კიდევ უფრო გამწვავებულია კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად".

"ჩვენ ვრჩებით მტკიცედ ერთგული საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, წვლილი შევიტანოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად განხორციელებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობით და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევით.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას შეასრულოს თავისი ვალდებულებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად. გარდა ამისა, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის დეფაქტო კონტროლის განმახორციელებელ ქვეყანას (როგორც ეს ხაზგასმით აღინიშნა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორის საქმეში) მისცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეუფერხებელი წვდომა ორივე ოკუპირებულ რეგიონში, შეაჩეროს აქტიური "ბორდერიზაციის" პროცესი, დაასრულოს ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევები - განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც ჩადენილია ეთნიკური ნიშნით, ასევე ნება დართოს იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება წინაპრების მიწაზე", - წერია ერთობლივ განცხადებაში. 

წერილს ხელს აწერენ საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი სვენ მიქსერი.


close დახურვა